"გადადგეს მკვლელი ღარიბაშვილი" - ამ მოთხოვნით პრემიერმინისტრის სახლთან აქცია გაიმართა. ადგილზე ვითარება გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაძაბული იყო. კერძოდ, აქციის მონაწილეებს, პრემიერის სახლთან, გზის სავალ ნაწილზე წარწერის - "მკვლელი ღარიბაშვილი" გაკეთება სურდათ, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, მათი მთავარი მოთხოვნა ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და მოძალადეების დასჯაა.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, დაპირისპირების დროს დააკავეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ბესიკ გაზდელიანი.
"5 ივლისს, როცა უნდა დაეცვათ ადამიანის და ჟურნალისტების უფლებები, ღარიბაშვილის ბრძანება იყო რომ მაქსიმალურად მოძალადეებისთვის ხელი შეეწყოთ, რომ ყველა ადამიანი, ჟურნალისტი და ოპერატორი. ღარიბაშვილი სისხლის სამართლის წესით აგებს პასუხს", - ამბობს აქციის მონაწილე.
აღსანიშნავია, რომ ადგილზე განსაკუთრებით დიდი რაოდენობით პოლიციელია იყო მობილიზებული.
აქციის კიდევ ერთი მონაწილე აცხადებს, რომ ამდენი პოლიციელი, 5 ივლისს რომ ყოფილიყო თბილისის ქუჩებში, ჟურნალისტები არ დაშავდებოდნენ და ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა ცოცხალი იქნებოდა.
ჟურნალისტები საპროტესტო აქციებს რამდენიმე დღეა, სხვადასხვა სახით აქტიურად მართავენ. მიზეზი მედიაზე ძალადობაა.
5 ივლისს, 18:00 საათზე Tbilisi Pride-ის კვირეულის ფარგლებში ღირსების მარში უნდა გამართულიყო. საპატრიარქომ მალევე დააანონსა მარშის საწინააღმდეგო აქცია.
5 ივლისს, დილიდან ძალადობრივი ჯგუფები ჯერ ქაშუეთის ტაძრის უკან შეიკრიბნენ, მალევე კი პარლამენტის წინ გადმოინაცვლეს და ოპოზიციონერი აქტივისტების კარვები დაშალეს. მალევე მათ დაიწყეს ადგილზე მოვლენების გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობა. სცემეს, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაუზიანეს აპარატურა და პირადი ნივთები 53 მედიამუშაკს, მათ შორის ფორმულას რამდენიმე გადამღებ ჯგუფს.
შეკრებილ ჯგუფებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ სასულიერო პირები. "არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ, იძალადოთ სამშობლოსთვის" - ასე მიმართა შეკრებილებს დეკანოზმა სპირიდონმა.
ძალადობრივმა ჯგუფებმა დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები.
მთელი დღის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყო მცირე რაოდენობით პოლიციელი. ამაზე შს მინისტრმა განაცხადა, რომ იმდენი სამართალდამცველი იქნა მობილიზებული, "რისი საშუალებაც იყო".
5 ივლისს, მაშინ, როცა ჟურნალისტებზე უკვე ძალადობდნენ, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვითარების შესაძლო გართულებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა არა ძალადობრივი აქციის წევრებს, არამედ ღირსების მარშის ორგანიზატორებს და მოუწოდა მათ, არ ჩაეტარებინათ მსვლელობა რუსთაველის გამზირზე. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დაგეგმილი "ღირსების მარში" მისთვის "მიზანშეუწონელი" და საფრთხის შემცველია. მისივე თქმით, ღირსების მარშის მიღმა ოპოზიცია დგას.
ღირსების მარში გაუქმდა, თუმცა, რუსთაველის გამზირზე ძალადობა კიდევ რამდენიმე საათს გაგრძელდა.
5 ივლისს განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად 6 ივლისს დაიგეგმა აქცია სოლიდარობისთვის. თუმცა პრორუსულმა ჯგუფებმა ამ აქციაზეც იძალადეს. მათ აქციის მონაწილეებს ქვები, კვერცხები და წყლის ბოთლები ესროლეს.
იმავე დღეს პოლიციამ 100 ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავა. მოგვიანებით, დააკავეს 5 ივლისის ძალადობაში მონაწილეებიც, თუმცა არა ყველა მათგანი.
ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორები ამ დრომდე არ დაუკავებიათ.